Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Print this page
Thursday, 28 May 2015 11:43

მიმართვა ბაღისკიდელებს

დიდად პატივცემულო ქუთაისელო - ბაღისკიდელებო, ძვირფასო სტუმრებო, მაქვს პატივი საზოგადოება „ზუგდიდელის“ სახელით მოგესალმოთ და კეთილი გულით მოგილოცოთ სამი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი ბულვარის 190, ისტორიული „ბაღისკიდეს“ 100 და საზოგადოება, „ბაღის კიდეს“ დაფუძნებას 10 წელი. გიყურებთ და მიხარია, რომ თქვენში ვხედავ ცნობად სახეებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს, ქუთაისელ კოლორიტ პიროვნებებს, რომლებსაც ღირსეულად, უანგაროდ გაგიკეთებიათ სასიკეთო საქმეები ერისა და მამულისათვის. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.

აგრეთვე მინდა ყველას მოგილოცოთ ხვალინდელი დღე-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-26 მაისი.

მეგობრებო, ვისთვისაც ჩვენი ისტორია უცხო არ არის, მათთვის თვალნათლივად გასაგებია, რომ ქუთაისი დიდი ისტორიული წარსულის, უძველესი კოლხური კულტურისა და ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციების მატარებელი ქალაქია. ქუთაისი საქართველოს ცხოვრებაში მუდამ ღირსეულად ასრულებდა და ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას. მოვიყვან მარტო ორ მაგალითს: სწორედ ქუთაისში ეკურთხა „აფხაზთა მეფედ“ 978 წელს ერთიან საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. 1089 წელს მეფედ ეკურთხა დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და დაარსა უმაღლესი სასწავლებელი-გელათის აკადემია. ამ სიბრძნისა და სიწმინდის მსგავს კერაზე მაშინდელ ევროპას სიზმარშიც არ ჰქონდა წარმოდგენა.

ქუთაისის ისტორიაში „ბაღის კიდესაც“ ეჭირა და დღესაც უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. „ბაღის კიდეში“ იკრიბებოდა ქუთაისელთა კოჰორტა, რომელთა საუბრის თუ მსჯელობის თემა მუდმივად ბრუნავდა ერის, მამულისა და ქრისტიანულ მართლმადიდებულური რწმენის ინტერესების გარშემო. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ „ბაღის კიდე“ იყო და არის პატრიოტიზმის, კაცობისა და ადამიანობის განსახიერების კერა.

მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებასაც: ქუთაისსა და ზუგდიდს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევჩერდებით მხოლოდ ერთ მომენტზე.

ბევრმა ზუგდიდელმა ქუთაისში მიიღო სხვადასხვა სპეციალობით უმაღლესი განათლება, რომლებიც შემდგომში გახდნენ ცნობილი პარტიული, სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი. რაც საბედნიეროდ დღესაც გრძელდება. ამის მაგალითია საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და საზოგადოება „ზუგდიდელის“ საქმიანი, მეგობრული ურთიერთობის ხიდი, დოქტორი, პროფესორი ბატ. თამაზ ცანავა.

სპორტში-რაგბიში-ქუთაისის „აიას“ სპორტულ ღირსებას საკავშირო თუ საერთაშორისო ტურნირებში წარმატებულად იცავდა ზუგდიდელი საშა (ალექსანდრე) ნაჭყებია.

ფეხბურთში ქუთაისის „ტორპედოში“ დაფრთიანდა მეკარე ოთარ გაბელია, რომელიც შემდგომში ღირსეულად იცავდა თბილისის „დინამოს“ კარს საერთაშორისო და საკავშირო ჩემპიონატებზე და მრავალჯერ გახდა ნომერ პირველი მეკარე.

მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე, ისიც, რომ საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და საზოგადოება „ზუგდიდელს“ შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით ჩატარდა არაერთი საქმიანი შეხვედრა-ღონისძიება, როგორც ქუთაისში, ასევე ზუგდიდში.

აქ მინდა გამოვყო მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საჯარო მედიცინის რეგიონალურმა ცენტრმა ბატ. მერაბ კვიცარიძის ხელმძღვანელობით მედიცინის ექვსი მიმართულებით ჩაუტარა ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიას მოსახლეობის 2014 წლის 14 დეკემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევა, რისთვისაც არამარტო საზოგადოება „ზუგდიდელი“, არამედ მთელი ზუგდიდიც გიხდით დიდ მადლობას.

მეგობრებო, ვსარგებლობ დღევანდელი შეხვედრით და მინდა გამოვთქვა ასეთი მოსაზრებაც: წესდების მიხედვით, ორივე საზოგადოების ამოცანები და მიზნები ბევრ საკითხებში თანხვედრია, რაც გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ პრაგმატიკულად და მიზანმიმართულად, საზოგადოების წევრთა აქტიური ჩართულობით წინ აღუდგეთ ერის სულიერ გახლეჩვას და სხვა ჯანსაღ საზოგადოებრივ ძალებთან მყარი თანამშრომლობით, ერისა და ბერის სულიერად და იდეურად გაერთიანება-გამთლიანებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილიც.

ასევე, ჩვენს ორივე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა თქვას თავისი მართებული სიტყვა აფხაზ ძმებსა და დებს და ჩვენს შორის ძმობის, მეგობრობის, ძუძუმტეობის „ჩატეხილი ხიდის“ აღსადგენად, პირველ რიგში კი შერიგების პროცესების დაწყებისათვის. დროა ყინული დავძრათ ადგილიდან.

ამას მე შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ამას მე მალაპარაკებს ჩვენი წარსულის, მძიმე ისტორიული მომენტები, რომლის მიხედვითაც საქართველოს სხვადასხვა მხარეებს შორის ზოგიერთ შემთხვევაში არსებული ურთულესი ურთიერთდამოკიდებულებისა, ყოველთვის უპოვიათ საერთო ენა ჭირში და ლხინში ერთად დგომისათვის საჭირო საყრდენი წერტილის გამოსანახავად.

ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით, იყავით მუდამ წარმატებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და რაც მთავარია ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ქუთაისური იერი, იმერული სიპეწე, სტუმარ-მასპინძლობის ეშხი და რაც მთავარია თქვენებური ხუმრობანი და ოხუნჯობანი.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

 

საზოგადოება „ზუგდიდელის“

თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ბატ. მურმან ნაჭყებია

2015  წლის  25 მაისი

ქ. ქუთაისი.

Read 4175 times